ირანელ კანონმდებელთა გეგმა ურჩი სტუდენტებისთვის უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწიინებს
ირანელმა კანონმდებლებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საპროტესტო გამოსვლების მონაწილე სტუდენტებისთვის უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვას ათი წლის ვადით.
როგორც ირანის ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, ირანის პარლამენტის წევრებთან ერთად ამ გეგმის მომზადებაში რამდენიმე „ექსპერტიც“ მონაწილეობდა. თუ ვინ არიან ისინი, სააგენტო არ იუწყება, მაგრამ, ზოგიერთი მიმომხილველის თანახმად, ისინი ისლამური რესპუბლიკის დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების აგენტები არიან.
გეგმის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ირანის სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ილაპარაკა დემონსტრანტთა „არათავმდაბლობაზე“.
ირანის ქალაქებში შვიდ კვირაზე მეტია, ათიათასობით ადამიანი დემონსტრაციებს მართავს მთავრობის რეპრესიული კურსისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები, რომელთა მასშტაბი გამორჩეულია ისლამური რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ქვეყნის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცდად იქცა.
გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, გარდაიცვალა პოლიციაში მას შემდეგ, რაც ის თავსაფრის ტარების ისლამური წესის დარღვევისთვის დააკავეს. უფლებადამცველი აქტივისტების თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 300-მდე ადამიანი მოკლეს და 14 000-ზე მეტი დააპატიმრეს.