არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 17 წლის ბიჭს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება. სხდომა დახურული იყო, რადგან ბრალდებული არასრუწლოვანია.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა განუცხადა, მოზარდმა აღიარა, რომ საბა მამფორიას დანით ჭრილობები მიაყენა. მანამდე პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
20 ნოემბერს ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონთან არასრულწლოვანმა 15 წლის საბა მამფორიას დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.