უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი – ამ ომისთვის პუტინის პასუხისმგებლობა თვალნათელია
ამ ომისთვის ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობა თვალნათელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა კიევში გამართულ სასურსათო უსაფრთხოების სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთს ამ ომის შესაჩერებლად და მშვიდობის მისაღწევად “150 ათასი მიზეზი აქვს”.
“150 ათასი მიზეზი – ეს 150 ათასი უნგრელია, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ზაკარპატიის ოლქში ცხოვრობენ. უკვე ბევრმა ეთნიკურმა უნგრელმა გასწირა საკუთარი სიცოცხლე უკრაინის დასაცავად. ამ ომისთვის ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობა თვალნათელია და უნგრელები ყოველთვის და ყველაფერში ამ ტანჯვისა და სისხლისღვრის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ჩვენ უკრაინის მეზობლები ვართ და მეზობლებს ჩვენი დახმარების იმედი შეუძლიათ რომ ჰქონდეთ. მეზობლები ყოველთვის მეზობლებად დარჩებიან”, – განაცხადა ნოვაკმა.
მან რუსეთის აგრესია დაგმო და აღნიშნა, რომ “ომი უკრაინაში ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს რეგიონში”.
უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, “დიპლომატიური არხები უნდა გაიხსნას, ხოლო საბოლოო მიზანი სამართლიანი მშვიდობის მიღწევა უნდა იყოს”.
“2022 წელი ომის წელიწადი იყო, მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ 2023 წელი აღდგენისა და მშვიდობის წელი გახდება”, – აღნიშნა ნოვაკმა.