უკრაინიდან ვრცელდება ცნობები დაბომბვის შესახებ, შესაბამისი უწყებები ცდილობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას
ღამით რუსეთის ძალებმა რამდენიმე ადგილი დაბომბეს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, იმ ფონზე, როცა შესაბამისი უწყებები ცდილობდნენ ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის მიწოდების აღდგენას - რუსეთის შეტევებით უკრაინის ინფრასტრუქტურის დაზიანების მერე.
ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგენილია კიევში, ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი იერიში განახორციელა დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე - განაცხადა დედაქალაქის ადმინისტრაციამ 27 ნოემბერს. ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო".
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, რომელიც ახლახან პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა სერვისების აღდგენის პროცესის ნელი ტემპის გამო, 27 ნოემბერს გერმანიის გამოცემა Bild-ს უთხრა, რომ მუშაობა "სარეკორდო სიჩქარით" მიმდინარეობს.
ხერსონის რეგიონის გუბერნატორი, იაროსლავ იანუშევიჩი 27 ნოემბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის ძალებმა რეგიონი 50-ზე მეტჯერ დაბომბეს შაბათ-კვირის განმავლობაში. იანუშევიჩი რუსეთს ბრალს სდებს ტერორიზმში და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებაში, და იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაიჭრა ორი მოქალაქე.
დონეცკის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად - აცხადებს გუბერნატორი პავლო კირილენკო. დაბომბვაზე იუწყებიან ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიდანაც.