სამხედრო პირი ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში მშვიდობიანი ადამიანების სავარაუდო მკვლელობისთვის დააკავეს - მედია
ჩრდილოეთ ოსეთიდან გაწვეული რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონის ოკუპირებულ სოფელ ნოვომიხაილოვკაში ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ ტელეგრამის არხი ASTRA news-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
საინტერნეტო გამოცემის თანახმად, მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა, რუსმა სამხედროებმა (მათი რაოდენობა არ არის მითითებული) ტყის პირას იძულებით გაიყვანეს და დახვრიტეს ორი მამაკაცი - 40 წლის სერგეი გოლუბენკო და 32 წლის ნიკოლაი ხომნიკოვი. მანამდე მათი სიკვდილის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. უცნობია, თუ რა უნდა გამხდარიყო სავარაუდო მკვლელობის მიზეზი, რადგან სოფელი ნოვომიხაილოვკა რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული.
ანონიმური წყაროების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 32 წლის რიგითი, ჩრდილოეთ ოსეთის ბინადარი, ბათრაზ სლანოვი, რომელიც 503-ე გვარდიის მოტორიზებულ გვარდიულ პოლკში მძღოლად მსახურობდა. მან, სავარაუდოდ, აღიარებითი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც ოკუპირებულ სოფელ ჩერნიგოვკაში მდებარე იზოლატორში მოათავსეს.
ზაპოროჟიეს რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ვებსაიტი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არც უკრაინულ წყაროებში მოიპოვება. „კავკაზ.რეალიის“ რედაქციამ სლანოვის შესახებ შეკითხვა გაუგზავნა ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულ მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ასეთი მებრძოლის ვინაობა მათთვის უცნობია.
„ასეთი ჩვენთან არავინაა და არც ყოფილა. დანაშაულის შესახებ არაფერი ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვემხრობით მიდგომას, რომ სასჯელი უნდა განისაზღვროს კანონის ფარგლებში, თუ ასეთი დანაშაული ნამდვილად მოხდა“, - განუცხადა თანამოსაუბრემ „კავკაზ.რეალიის“.
გამოცემის თანახმად, ბათრაზ სლანოვი ადრე ნასამართლევი უნდა იყოს. ასეთი სახელ-გვარისა და მსგავსი ასაკის მქონე პირს 2017 წელს ექვსი თვით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის. მანამდე იგი სამჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული ანალოგიური დარღვევისთვის.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, მედიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებულ მსჯავრდადებულ პირთა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.
23 ნოემბრის ევროპარლამენტის დეპუტატების მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ.
ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანონ ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც პოლკ „ჩრდილოეთის“ სახელით არის ცნობილი.