ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე – ახლა მიღებული იქნება ეს კანონი იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გარიცხვა კონკრეტული ევროპული სტრუქტურიდან, რაზეც იყო საუბარი
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სანქციებს ითვალისწინებს, თუმცა, მიღების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, ეს კანონი სანქციების გარეშე იმოქმედებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნაა და თუ მას არ მიიღებენ, ქვეყანა ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან შეიძლება გარიცხონ.
„ძალიან მარტივად არის საქმე. მართალია, ახლა მიღებული იქნება ეს კანონი იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გარიცხვა კონკრეტული ევროპული სტრუქტურიდან, რაზეც იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ ეს კანონი, რათა არ გაგვრიცხონ კონკრეტული სტრუქტურიდან, ამისთვის ხდება მიღება. რაც შეეხება სანქციებს, რაც ამ კანონპროექტის ლოგიკური ნაწილია, მათი ამოქმედება გათვალისწინებულია 6 თვის შემდეგ, შესაბამისად, მანამდე ეს დოკუმენტი დასკვნისთვის გაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ 6 თვის განმავლობაში თუ იქნება რაიმე შენიშვნა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შენიშვნებზეც გვექნება მსჯელობა. 6 თვის განმავლობაში ეს კანონი სანქციების გარეშე ამოქმედდება“, – განაცხადა კობახიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე: მაუწყებლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები არ იქნება? -კობახიძემ უპასუხა: „სისულელეებს ამბობენ და რა კომენტარი გავაკეთო? თქვენთვის რომ იცოდეთ, მაგარ სისულელეს ამბობენ, სრულ სისულელეს, რაზეც კომენტარიც ვერ გაკეთდება“.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორსა და მაუწყებლებს კანონპროექტის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, მათი მოსაზრებით კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს ზღუდავს, ამიტომ, ისინი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს არ უჭერენ.