რუსეთის აუდიტის პალატის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი პოსტს ტოვებს
რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო ცნობა რუსეთის პრეზიდენტისგან, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის პოსტიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე "რია ნოვოსტის" განუცხადა საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი არტამონოვმა.
კუდრინმა თავის ტელეგრამის არხში დაადასტურა, რომ ტოვებს აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტს და აღნიშნავს, რომ საჯარო სექტორში გატარებული 25-წლიანი სამსახურის შემდეგ, „ყურადღების გადატანას" კერძო ინიციატივების განვითარებასთან დაკავშირებულ დიდ პროექტებზე აპირებს.
"ამიტომ, მე ვტოვებ აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტს და დადგენილი პროცედურის შესაბამისად წარვუდგინე შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს", - განმარტავს კუდრინი.
სააგენტო „ტასსის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის პროფილური კომიტეტი კუდრინის გადადგომის საკითხს 29 ნოემბერს განიხილავს. კულისებში აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ჟუკოვის კანდიდატურა.
მანამდე რამდენიმე მედიასაშუალების წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა კუდრინის გადასვლას კომპანია Yandex-ის მმართველი სტრუქტურის ხელმძღვანელის პოსტზე.
ონლაინ გამოცემა The Bell-ი წერდა, რომ Yandex-ის მშობელი კომპანია, რომელიც ჰოლანდიაშია განთავსებული, დაკარგავს კონტროლს Yandex-ის ჯგუფის ყველა ბიზნესზე. ოპერაციებს მომავალში გადაიბარებს ახალი კომპანია, რომლის საბჭოსაც ზედამხედველობას უწევს ალექსეი კუდრინი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, რომელიც ამჟამად აუდიტის პალატასაც უდგას სათავეში.
კუდრინი რუსეთის ფინანსთა მინისტრი იყო 2000-დან 2011 წლამდე და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ ითვლება.