თაზო დათუნაშვილი: როგორი ლაჩრული ტყუილია ეს “მშვიდობა” – კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ 100 000 რუსისთვის გადაანათოს ქალაქი, ააგუგუნოს დუქნები
“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი დედაქალაქის საახალწლო სლოგანს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მშვიდობა“ არის „ლაჩრული ტყუილი“.
თაზო დათუნაშვილის თქმით, მაშინ, როცა „რუსის ჯარია ჩვენს მიწაზე, არ არის მშვიდობა”.
“ამბავი მარტივადაა, მთელმა ევროპამ გაიაზრა რეალობა, რომელშიც ვართ და გადაწყვიტა რომ არაეთიკური, უადგილო და გოიმური იქნებოდა ახლა გადანათებული საშობაო ბაზრობები, აბრდღვიალებული ქუჩები, ყინულის მოედნები და უსაშველო ზეიმი წინა საშობაოდ, რატომ? – იმიტომ რომ:
– უკრაინაში ომია და უკრაინელები იხოცებიან ყოველდღიურად, ანუ ევროპულ მოძმე ქვეყანაში ომია, ხალხი იხოცება, უკუნითია და ცივა.
– ამ ომის გამო, ენერგორესურსები დრამატულად გაძვირდა და ამ ფასად ნაყიდი ენერგიის დაზოგვაა აუცილებელი.
– ინფლაციის და რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფოები “ქამრის შემოჭერის” მაგალითს პირველ რიგში თავად იძლევიან.
ასეთი არჩევანი გააკეთეს მათ. ასეთ არჩევანს გააკეთებდით თქვენც, აი თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ… ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც.
კახამ სხვანაირად მოიფიქრა. მან გადაწყვიტა რომ 100 000 რუსისთვის გადაანათოს ქალაქი… ააგუგუნოს დუქნები… აამღეროს ზურნა დუდუკი და კარის მიკიტნები… აბა სტუმრებთან ხომ არ შევირცხვენთ თავს? 100 000 რუსის გარდა, მშიერი ხალხიც ხომ გასამხნევებელია? „პურისა და სანახაობის“ ეს რომაული ფორმულა მას და მისნაირ უწიგნურებს პირდაპირ ესმით. მას ხომ გულწრფელად ჰგონია, რომ მორალურად მართალია, როდესაც მშიერ-მწყურვალ და გაყინულ თბილისელს, თემურ თათარაშვილის და აჩიკო მეფარიძის ღნავილს ასმენინებს თავისუფლების მოედანზე, მას ხომ მართლა სჯერა რომ ასეთი სანახაობა პურს ჩაანაცვლებს.
და მშვიდობა… მშვიდობის ქალაქი… თავი დავანებოთ იმას რომ, ასე ღიად უკრაინელებისა და მათი ბრძოლის მიმართ ზიზღი ჯერ მხოლოდ რუსებმა და ლუკაშენკომ გამოამჟღავნეს… როგორი ლაჩრული ტყუილია ეს “მშვიდობა”, როგორი შემაძრწუნებელი სიმხდალეა ამის ძახილი მონოტონურად.
არ არის აქ მშვიდობა !!! არ არის ეს მშვიდობა!!! რუსის ჯარი ჩვენს მიწაზე არ არის მშვიდობა!!! ბუფერული ზონები და რუსული ბაზები არ არის მშვიდობა!!! 300 000-ზე მეტი დევნილი არ არის მშვიდობა!!! ათასობით დაღუპული არ არის მშვიდობააა!!! დაკარგული ტერიტორიები არ არის მშვიდობა !!!
საშინელებაა ეს, როდესაც არ გესმის, ვერ იგებ, ან არ გინდა, რომ გაიგო”, – აცხადებს თავის განცხადებაში “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.