ხაჭაპურიძის თქმით, მასთან აღმოჩენილი აპარატურა კუსტარულად არის დამზადებული
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა, რომელიც სამუშაო ოთახსა და ავტომანქანაში აღმოაჩინა, პროფესიონალს შეამოწმებინა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, სპეციალისტის შეფასებით, აპარატურა კუსტარულად არის დამზადებული და დღევანდელი სპეცსამსახურები მას აღარ იყენებენ. სპეციალისტზე დაყრდნობით, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მეორე აპარატი შედარებით ახალია, თუმცა 15 წელია სპეცსამსახურები მას აღარ იყენებენ.
შალვა ხაჭაპურიძეს უჭირს ვარაუდი, ვისი დამონტაჟებული შეიძლება იყოს სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა. „არ ვიცი სუს-ი დგას ამის უკან თუ ვინ, ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა მან.
როგორც ადვოკატმა თქვა, ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე გამოჰკითხეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება სახლსა და მანქანაში მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობების აღმოჩენას.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
დღეს, 30 ნოემბერს, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახლში, სამუშაო ოთახსა და მანქანაში სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.