რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი მოხალისე დაიღუპა უკრაინაში
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრები სოსლან ბაგაევი უკრაინაში დაიღუპა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მედია იუწყება, ბაგაევი ომში მოხალისედ წავიდა რუსეთის არმიის რიგებში ჩაეწერა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სოსლან ბაგაევი, სიკვდილის შემდეგ მედლით „სამშობლოს დამცველი“ დააჯილდოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განუცხადა. ⠀ ⠀
„მედალი ოჯახს უკვე გადაეცა. სოსლანი იყო მამაცი მეომარი, რომელიც 2014 წლიდან იბრძოდა დონბასის ხალხის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. სოსლან ბაგაევის დედამ მიიღო შვილის მედალი და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბოსიკოვამ. ⠀ ⠀
ბაგაევის ოჯახის ინფორმაციით, ის ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში 11 დეკემბერს დაიღუპა და იქიდან ვლადიკავკაზში გადაასვენეს და ე.წ გმირთა სასაფლაოზე დაასაფლავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წასული, რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლი, 20-ზე მეტი ჯარისკაცი და მოხალისეა დაღუპული რუსეთ-უკრაინის ომში. მათი დიდი უმრავლესობა რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს.
16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.