ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარების მიზანი პროვოკაცია იყო
"ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არა მარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი.
რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც, რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია... ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში", - თქვა გია ვოლსკიმ.
ორი დღის წინ, 15 იანვარს, ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება.
როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში "ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.
მოგვიანებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში.
2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.