უკრაინამ ევროკავშირის 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, 3 მილიარდი ევრო მიიღო
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
„მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი.
ინფორმაციას უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გადაცემასთან დაკავშირებით ევროკომისიაც ავრცელებს.
„კომისიამ დღეს გადაიხადა პირველი 3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკრაინისთვის 18-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტიდან “, – აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.