ზაზა გოგავა: ფრენები არასდროს ჩაკეტილა საქართველოს მხრიდან, რუსეთი აფიქსირებს პოზიციას „როგორც გვინდა ისე მოვიქცევით“
გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ წინადადება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მოდის, რაღაცის „ჯილდოდ“ აღიქმება.
გოგავას შეფასებით, რუსეთი აჯოლდოებს იმას, ვისთანაც შემდგომში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას ხედავს.
„რისთვის „გაჯილდოვებენ“? წინადადება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მოდის, რაღაცის „ჯილდოდ“ აღიქმება. პრაქტიკულად აჯილდოებენ ვისთანაც თანამშრომლობენ და ვისთანაც ხედავენ შემდგომი ურთიერთობის განვითარებას.
ან აკრძალვა რა იყო? ჩვენმა მხარემ აკრძალა ეს ყველაფერი? ეს ჩვენებაა იმისა, რომ რაღაც ჯილდოს მოგიგდებს. დამაზიანებელი განცხადებებია მათი მხრიდან რომ საქართველო უფრო მეტად დააზიანონ. პარალელურად, ხედავენ რომ საქართველო თავშეკავებულია, რაღაც დათმობებზე მიდის, მაგრამ „რამშტაინის“ ჯგუფშია წარმოდგენილი.
ეს ძალიან აღიზიანებთ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია ყველა მიმართულებით ორჭოფულია. არ არის გარკვეული. არასდროს არ ჩაკეტილა ფრენები საქართველოს მხრიდან, ეს ხდებოდა რუსეთის მხრიდან. ისინი აფიქსირებენ პოზიციას, „როგორც გვინდა ისე მოვიქცევით“.
დიდ პრიზმაში შევხედოთ ამას, სახელმწიფოს როლის დაკნინება ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, რომ „ამ ქვეყანას“ როგორც გვინდა ისე მოვექცევით, „დღეს გავუხსნით ფრენებს“ და „ხვალ ჩავუკეტავთ“. ეს ყველაფერი მათ ხელშია. პრობლემა ის არის, რომ ამ სურათში ჩვენი ქვეყანა ვერაფერს ცვლის. იმიტომ რომ მათ პოზიცია არ აქვთ“, – აცხადებს ზაზა გოგავა.