მედვედევი: უკრაინაში მიზნების მიღწევა მნიშვნელოვანია, რათა მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობა და სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მიზნების მისაღწევად მთელი რუსეთი უნდა გაერთიანდეს.
მისივე თქმით, უკრაინის ომში წარმატება მოქალაქეთა „კეთილდღეობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიის ძალიან რთულ, შეიძლება ითქვას, გარდამტეხ მომენტში. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია ფედერალური, რეგიონალური და მუნიციპალური ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, პარტიული ორგანიზაციების, ყველა საზოგადოებრივი ძალის ძალისხმევის გაერთიანება. უზრუნველვყოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა და ამის შემდეგ შევქმნათ პირობები ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის – მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობა და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა მედვედევმა.