რუსეთში პირველად მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას
რუსეთში სასამართლომ პირველად გამოიტანა განაჩენი სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის ტერაქტის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. საინფორმაციო სააგენტო „ტასსის" ცნობით, სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა ხანტი-მანსიისკის რაიონიდან ბრალდებულ პირს, რომელიც სასჯელს კოლონიაში მოიხდის.
„ტასსი" არ ასახელებს მსჯავრდადებულის ვინაობას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, საუბარია ვლადისლავ ბორისენკოზე, რომლის მიმართაც ტერაქტის საქმეზე განაჩენი ეკატერინბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გამოიტანა.
ბორისენკო ნიჟნევარტოვსკის მკვიდრია. მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ გასული წლის მაისში ვასილი გავრილიშენთან ერთად ამ ქალაქის სამხედრო გაწვევის ოფისს ცეცხლი წაუკიდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრო გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ, არავინ დაზარალებულა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში ათობით სამხედრო კომისარიატის შენობას წაუკიდეს ცეცხლი. თავდაპირველად სასამართლოებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი გაასამართლეს ხულიგნობის ან ქონების დაზიანების მუხლებით, გასული წლის შემოდგომიდან კი საგამოძიებო ორგანოები ასეთ შემთხვევებს ტერაქტის მძიმე მუხლით იძიებენ.