რუსეთი არ ასრულებს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ინსპექტირების შესახებ, აცხადებს აშშ
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებით, ახალი New START-ით, ნაკისრ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც თავის ტერიტორიაზე უნდა დაუშვას ინსპექტორები.
Reuters-ის ცნობით, 31 იანვრის განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის "უარი ინსპექტირებისთვის საჭირო თანამშრომლობაზე ხელს უშლის შეერთებულ შტატებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი უფლებების რეალიზებაში და საფრთხეს უქმნის აშშ-რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის კონტროლის სიცოცხლისუნარიანობას."
ახალი მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ინსპექტირების განახლებაზე ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების, New START-ის, ფარგლებში უნდა გამართულიყო ნოემბერში, მაგრამ რუსეთმა ისინი გადადო და არც ერთ მხარეს არ დაუნიშნავს შეხვედრის ახალი თარიღი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 30 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ "სრულიად შესაძლებელია" 2026 წლის შემდეგ დასრულდეს აშშ-თან გაფორმებული New START-ის შეთანხმება. "ეს სრულიად შესაძლებელი სცენარია", - უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო "რიას".