თბილისში "ვოლტის" კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე "ვოლტის" კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნა არსებული ტარიფების მომატება, მეორე შეკვეთის ობიექტიდან მანძილის ათვლა და ე.წ. კილომეტრების მოპარვის პრობლემის მოგვარებაა.
კურიერები აცხადებენ, რომ პრობლემებზე კომპანიაში უკვე განაცხადეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"ქვეყანაში ისე ორმაგად და სამმაგად გაძვირდა ყველაფერი გაუსაძლისია უკვე ასეთ პირობებში ცხოვრება, რაც იყო ხელფასი 2 წლის წინ იგივე დარჩა ახლაც, მინიმალური მატებაა, არაფერს ნიშნავს. ყველა უკმაყოფილოა, ნორმალური დაზღვევა არ გვაქვს, კურიერები შავდებიან, არაფერი უნაზღაურდებათ, ესა მთავარი პრობლემა - ვერ ვიღებთ სათანადო ანაზღაურებას. ძალიან დიდ შრომას ვდებთ და ძალიან ცოტას გვიხდიან... მაქსიმალურად დიდი შრომა უნდა ჩადო და სუფთა, ჯიბეზე, მე მგონი, 1500 ლარი უნდა დაგრჩეს. ეს არ შეესაბამება იმას, რამხელა შრომას დებენ კურიერები", - უთხრა აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა კურიერმა, გიორგი ტიკარაძემ რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომპანია ვოლტს. ისინი აცხადებენ, რომ განცხადებას ხვალ, 6 თებერვალს გაავრცელებენ. მათი პასუხი ტექსტში მიღებისთანავე აისახება.