Bloomberg: მიწისძვრის მიუხედავად, ერდოღანს არჩევნების ჩატარება მაისში სურს
მიუხედავად დამანგრეველი და სასიკვდილო მიწისძვრისა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საყოველთაო არჩევნების ჩატარება მაისში სურს“, – ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, ერდოღანმა, რომელსაც ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საარჩევნო პროცესი ელის, 7 თებერვალს 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ერდოღანს ეს საშუალებას მისცემს განახორციელოს სწრაფი უსაფრთხოებისა და ფინანსური ზომები კატასტროფის შედეგად დაზარალებულ რაიონებში.
ოფიციალური პირები, რომლებიც იცნობენ მოლაპარაკებებს, აცხადებენ, რომ ერდოღანი მაინც გეგმავს 14 მაისს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნების ჩატარებას.
ამავე ინფორმაციით, საგანგებო ღონისძიებები, შესაძლოა, 90 დღეზე ადრეც დასრულდეს.
ერდოღანი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ კაჰრამანმარაშისა და ჰატაის ეწვია.
ერდოღანმა მიწისძვრებს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა უწოდა.
სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9400-ს გადააჭარბა, რაც მას ბოლო ათწლეულში ყველაზე მომაკვდინებელ სეისმურ მოვლენად მიიჩნევა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.