ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს - ირანი ისლამური რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს
ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში თქვა, რომ საყოველთაო ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს.
მან ეს განაცხადა 11 თებერვალს, როცა ათასობით ირანელმა მსვლელობა მოაწყო ირანის ქალაქებში, ხოლო სამხედროებმა თეირანში თავიანთი ტექნიკის დემონსტრირება გამართეს. ირანში ყოველწლიურად იმართება ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია. 1979 წლის ისლამურ რევოლუციად წოდებული მოვლენების შედეგად დაამხეს ფეჰლევების დინასტია. ამ დღეს ირანის მთავრობა მართავს პროპაგანდისტულ თავყრილობებს.
არაერთ ქალაქში მოეწყო საზეიმო ფოიერვერკი. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც საზეიმო ფოიერვერკთან ერთად ისმის ანტისამთავრობო შეძახილები „ძირს დიქტატურა!“ „სიკვდილი ხამენეის!“
სექტემბერს შემდეგ ირანში თვეების განმავლობაში არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოჰყვა 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს საპატიმროში მას მერე, რაც ის პოლიციამ დააკავა თავსაფრის არასწორად ტარების გამო. მთავრობამ დააკავა ათასობით ადამიანი, რამდენიმე პირი დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის სიკვდილის დასაჯეს. 11 თებერვალს, თავის გამოსვლაში, ირანის პრეზიდენტმა დაგმო საპროტესტო გამოსვლები და თქვა, რომ მათ უკან ირანის მტრები დგანან, რომ ეს არის მათი პროექტი და მიზანია, ირანს განვითარებაში ხელი შეუშალონ.