"თავისუფლება სააკაშვილს" - შეკვეთილში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს
![](https://gdb.rferl.org/08550000-0a00-0242-e122-08db0c20c3c0_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
ამ წუთებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს, შეძახილებით „მიშა! მიშა!“, „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“, და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება.
დემონსტრანტებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და განაცხადა, რომ მათ დანებების უფლება არ აქვთ და ბრძოლა უნდა გააგრძელონ:
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვინც გეტყვით, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. იცოდეთ, რომ ის (ივანიშვილი) არის ქვეყნის მტერი და რუსი ოლიგარქის მსახური. ვინც გეუბნებათ, რომ ერთმანეთი უნდა გავლანძღოთ და ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ, მას არ უნდა ჩვენი ქვეყნის ერთობა და გამარჯვება“.
ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო, გაგრძელდება, ხოლო დიდი აქცია დაიგეგმება საქართველოს დედაქალაქში. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნაა „სააკაშვილის თავისუფლება“ და „ქვეყნის ევროპული მომავალი“.
„ამის პირობას ვიძლევი, რომ ბიძინა ივანიშვილს კინწისკვრით გამოვაგდებთ რეზიდენციიდან და მის ქონებას გადავცემთ ქართველ ხალხს“, - თქვა აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა.
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს ცენტრალურ შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ მოწყობილი.
აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარისა და გურიის რეგიონული ორგანიზაციების წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებენ: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! მიშა... მიშა...“