ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შეჩერების მცდელობაც კი არსად ჩანს
![ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შეჩერების მცდელობაც კი არსად ჩანს](https://gdb.rferl.org/006c0000-0aff-0242-2931-08db0c240b73_w800_h450.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოს მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი - ომი აარიდა თავიდან.
„ეს მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია“, - განაცხადა ბაკურიანში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი სიტყვებით, უკრაინაში ომი არ ჩერდება, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ომის დასრულების მცდელობაც კი არ ჩანს, რაც შემაშფოთებელია. ხოლო ამ ომის შედეგად შექმნილი გარემო, ღარიბაშვილის თქმით, მთელ მსოფლიოსა და რეგიონშიც, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება, ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. უკრაინელ ხალხს კი მშვიდობა და ომის დროულად დასრულება უსურვა.