ირანმა სანქციები დაუწესა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეიმი ფლაის
ირანის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეიმი ფლაის. ის აღმოჩნდა იმ 40 პირსა და ორგანიზაციას შორის, რომლებზეც გავრცელდა ირანის სანქციები მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვეს თეირანის წინააღმდეგ სანქციების სია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ირანში შესვლა, გარდა ამისა, მათ ჩამოერთმევათ ირანში ყველა აქტივი, თუკი ისინი მათ აღმოაჩნდებათ.
დეკემბერში ირანის სანქციების სიაში მოხვდა რადიო თავისუფლების ირანული სამსახური და ფრანგული ჟურნალი Charlie Hebdo. მაშინ ფლაიმ თეირანის ამ გადაწყვეტილებას უწოდა „სიმართლის აბსურდული მანიპულაცია, რაც ჩვეულებრივი რამაა ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის“.
ირანის ხელისუფლებამ დასავლეთის მთავრობებს ბრალს სდებს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებაში. გამოსვლები სექტემბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხელისუფლებამ დემონსტრაციების ასობით მონაწილე მოკლა, ზოგიერთი მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაისაჯა სიკვდილით, მაგრამ გამოსვლები უკვე თითქმის ნახევარი წელია, გრძელდება.
შარშან მაისში ჯეიმი ფლაი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების სიაში მოხვდა.