ალიაქსანდრ ლუკაშენკა პეკინში ჩინეთის ლიდერ, სი ძინ პინს შეხვდა
ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა 1 მარტს პეკინში ჩინეთის ლიდერ, სი ძინ პინს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ლუკაშენკამ მხარი დაუჭირა ჩინეთის მიერ უკრაინის სამშვიდობო მოწესრიგებისკენ მიმართულ გეგმას. ლუკაშენკომ ასევე შესთავაზა პეკინს თანამშრომლობის გაფართოება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
სი ძინ პინმა თქვა, რომ ბელარუსი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს სტატუსი ახალი შინაარსით უნდა შეივსოს.
მანამდე ლუკაშენკო შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. მათ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება და უკვე 6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.
რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში, ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ამასთან, ქვეყანა არ შეუერთდა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა თებერვალში განაცხადა, რომ დაზვერვის ცნობით ჩინეთი შესაძლოა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავდეს.
ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ქვეყანა უზრუნველყოფს პლაცდარმს რუსეთის ჯარებისთვის, მაგრამ ბელორუსის არმია არ იღებს პირდაპირ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.