The Washington Post: ახლა დროა, ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს
„ერთხელ, სააკაშვილმა ბაიდენი საქართველოში მიიღო, როგორც „ძვირფასი მეგობარი“. ახლა დროა, ბაიდენმა ამ თბილი დახვედრის საპასუხოდ, მისი გათავისუფლება მოითხოვოს“, – ამის შესახებ The Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი.
გამოცემის სარედაქციო საბჭოს მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით – „ერთ დროს, რეფორმატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეში იტანჯება“, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
„თუ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დაიღუპება, ეს სავარაუდოდ, ასევე სიკვდილის ზარი იქნება საქართველოს მისწრაფებისთვის, გახდეს ევროპულ ოჯახის წევრი. ეს აგრეთვე იქნება პუტინის ტრიუმფიც, რომ საქართველოს 3.7-მილიონიანი მოსახლეობა კიდევ მრავალი წლით მოაქციოს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილი ქარიზმატული ფიგურაა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
„ახლა ბატონი სააკაშვილი ციხეშია, მისი ჯანმრთელობა უარესდება და ევროპული ინტეგრაციის მიზნები ხელიდან სხლტება. ის ხშირად არ იღებდა კრიტიკას, მაგრამ მან და მისმა რეფორმატორთა გუნდმა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინეს, მნიშვნელოვნად შეამცირეს კორუფცია და მილიარდობით უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს“.
სარედაქციო სვეტის ავტორები წერენ, რომ სააკაშვილმა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება გამოიჩინა და მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება მას შემდეგ, რაც მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არასოდეს დაუმალავს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. მოყვანილია რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის სიტყვები, რომ პუტინისთვის მიუღებელია წარმატებული დემოკრატია საქართველოსა და უკრაინაში, რადგან ეს მის ლეგიტიმურობას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ საქართველოს ახლა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ოცნება“ მართავს და, რომ ყოფილი პრემიერი ახლაც ფლობს ძალაუფლებას.
„ბატონი ივანიშვილის მთავრობა ბატონი პუტინისკენ იხრება და მან დაასუსტა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია“, – წერს THE WASHINGTON POST.