"იმედის" ჟურნალისტი რუსული კანონების ინიციატორებს აკრიტიკებს
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე აკრიტიკებს "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს. ის "იმედის კვირაში" მუშაობს.
"კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშრის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში _ შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?..
ამერიკა რომ გეუბნება - ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთვრობო სექტორს არ წარმოადგენს (იიმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ქონდეთ?..
არგუმენტი ვერ იქნება, ,,ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?“ ვერც ,,არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?“ და ა.შ და ა.შ" - წერს ჟურნალისტი ფეისუბუკის პირად გვერდზე და სტატუსს თან ურთავს "ხალხის ძალის" მიერ ინიიცირებული კანონპროექტების ბმულებს.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.