“რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!” – სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ. მიმართვის ტექსტს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.
მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.
რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
რუსული კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას. ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.
იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც თავის მხრივ გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი.
ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია.
არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”