თურქეთის ოპოზიციამ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი დაასახელა
ექვსი პარტიისგან შემდგარმა თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო ალიანსმა“ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად დაასახელა ქემალ ქილიჩდაროღლუ, 74 წლის პოლიტიკოსი, რომელიც თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებულ "რესპუბლიკურ სახალხო პარტიას" ხელმძღვანელობს.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, საერთო კანდიდატზე მოლაპარაკებები ოპოზიციაში რთულად წარიმართა. კერძოდ, "კარგი პარტიის" ლიდერი მერალ აქშენერი კანდიდატურას არ დაეთანხმა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიაც მეორე ყველაზე გავლენიანია ოპოზიციურ ბლოკში, ქემალ ქილიჩდაროღლუს ნაცვლად, მხარს უჭერდა როგორც სტამბოლის, ასევე ანკარის მერების კანდიდატურებს. იგი დათანხმდა "სახალხო ალიანსში" დარჩენას დაპირების სანაცვლოდ, რომლის თანახმად, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ანკარის მერი და სტამბოლის მერი ვიცე-პრეზიდენტები გახდებიან.
როგორც Reuters-ი იუწყება, თუ თურქეთის ოპოზიციის საერთო კანდიდატი ამ გაზაფხულზე დაგეგმილ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ოპოზიცია მოსახლეობას ჰპირდება, რომ შეზღუდავს სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთ უფლებამოსილებას და შეეცდება, გააძლიეროს საპარლამენტო სისტემის ელემენტები.
თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 10 მარტს ხელს მოაწერს განკარგულებას არჩევნებისთვის მზადების შესახებ. განკარგულების ხელმოწერის შემდეგ დაიწყება 60-დღიანი წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც, სავარაუდოდ, 14 მაისს კენჭისყრით დასრულდება.