შსს: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი:
"აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი".
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში,
თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს.
პარლამენტის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.