გიორგი ვაშაძე: მდინარაძემ ჩემზე თავდასხმა სცადა და არ გამოუვიდა
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც ვაშაძემ თქვა, მდინარაძემ მასზე თავდასხმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
„რაც შეეხება ფიზიკურ ინციდენტებს და ასე შემდეგ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გაუტეხლად, მედგრად ვდგავართ და ყოველთვის მივცემთ შესაბამის პასუხს. უფრო მეტიც, ყოველთვის ბრძოლისუნარიანები ვიქნებით. ჩვენ გვაძლიერებს თქვენი ერთიანობა. ყველას მოვუწოდებ: გამოდით, გამოდით, გამოდით! მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს ხალხი არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს, ისინი გამოხატავენ რუსეთის ინტერესებს.
მდინარაძემ ჩემზე თავდასხმა სცადა და არ გამოუვიდა, საკადრისი პასუხი მიიღო. ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხებს, რომელიც ადეკვატურია ამ ვითარებაში. ეს არის სახედაკარგული დაჯგუფება, რომელსაც ხალხთან საერთო არ აქვს. აუცილებლად მიიღებენ შესაბამის პასუხს. მე და ანა წითლიძე ვიყავით. ყველა ერთად შეეცადნენ ჩემზე თავდასხმას და მიიღეს საკადრისი პასუხი. სხვა უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს და მიიღეს შესაბამისი პასუხი", - განაცხადა ვაშაძემ.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრმა ანა წითლიძემ „მთავარი არხის" ეთერში ინციდენტის შესახებ დეტალურად ილაპარაკა.
„მოსაწევ ოთახში ვიყავით გასული მე და გიორგი ვაშაძე, როდესაც მოვიდა მამუკა მდინარაძე და დაგვიწყო საქმის გარჩევა, რატომ ვეძახდით მოღალატეს? შემდეგ უცებ გაჩნდა დაახლოებით ოცი ადამიანი, მათ შორის იყო დეპუტატი დავით კაჭარავა. შემდეგ ყველა იქნევდა ხელს, ფეხს, მუშტს. არ ამცდა არცერთი მუშტი და ფეხი, რასაც გვირტყამდნენ. ვურტყამდით ჩვენც, რა თქმა უნდა. კი, მეგობრებო, ახლა არის დრო, როდესაც გვიწევს ჩვენ ევროპული თავისუფლების დაცვა", - თქვა წითლიძემ.
9 მარტის ნაცვლად, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს, 7 მარტს, დაიწყო. პარლამენტის პლენარულის სხდომის პარალელურად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.