ხაბეიშვილი: დღეს უკვე ხელს აწერენ იმას, რომ თავად არიან ჯაშუშები
„უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მან მოქალაქეებს პარტიული კუთვნილების მიუხედავად, პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.
„ამ რუსული რეჟიმის პირობებში მუდმივად განიხილავენ კანონპროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ახლა წავიდნენ ყველაზე შორს და ყველაზე ღრმად - დღეს ისინი ატარებენ კრემლის ინტერესებს, ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე. ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით", - თქვა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მიმართა. „ე.წ. „ქართული ოცნების“ პირობებში არცერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით, რატომ არ დაუკავებიათ, ეგეც ვიცით. დღეს უკვე ხელს აწერენ იმას, რომ თავად არიან ჯაშუშები, მთავარი პუტინისტები და კრემლისტები. ამიტომ მე მინდა საგანგებოდ მივმართო საზოგადოებას, ქართველ ხალხს: ყოველგვარი პარტიული მიკერძოება და გემოვნება გადადეთ გვერდით. იმიტომ, რომ ვკარგავთ ქვეყანას და თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი სამშობლოს მომავალი და შვილების ბედი... მოგიწოდებთ, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ, დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, - განაცხადა ხაბეიშვილმა და დაამატა, - თუ არ გიყვართ ლევან ხაბეიშვილი, მოდით თქვენი შვილებისთვის".
9 მარტის ნაცვლად, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს, 7 მარტს, დაიწყო. პარლამენტის პლენარულის სხდომის პარალელურად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.