პარლამენტთან დაკავებულების ნაწილი ქალაქგარეთ იზოლატორებში გადაიყვანეს
პოლიციამ 7-8 მარტის ღამეს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქგარეთ გადაიყვანა. დაკავებულები გადაიყვანეს თბილისის, ქუთაისის, დუშეთის, ხაშურისა და გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
66 დაკავებულიდან 55-ის ინტერესებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ, რომელთა წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს 7 მარტს პარლამენტის შენობასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკავებულების შესახებ ეს ინფორმაცია მითითებული არ იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამით დაკავებულების დაცვის უფლება იზღუდება.
"წუხელ დაკავებულთაგან ზოგი გადაყვანილია ქუთაისში. ზოგი ბაკურიანში, ხაშურში. ასეთ შემთხვევაში იზღუდება დაცვის უფლება. ადმინისტრაციული დაკავება ვადებშია გაწერილი და ასეულობით კილომეტრის მოშორებით გადაყვანის დროს შესაძლებელია დამცველს არ მიეცეს შეხვედრის შესაძლებლობა", - ამბობენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".
ამ ორგანიზაციის გარდა, დაკავებულთა ინტერესებს იცავენ: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "უფლებები საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.