ლევან ხაბეიშვილი: "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ჩვენი პარტნიორების თხოვნა"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რაც აქვთ ქვეყნის პარტნიორებს და ყური მიუგდონ მათ წუხილებს:
„საფრანგეთის პრეზიდენტმა, გუშინ, ღიად და დაუფარავად მოუწოდა საქართველოს რუსულ ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, უნდა გათავისუფლდნენ. მანამდე ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ჯერ ევროპარლამენტარების რეზოლუცია, სადაც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, შემდეგ კი საზოგადოებამ ევროკავშის 27 ქვეყნის დემარშიც იხილა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის სიტყვებით, იმ ფონზე, როცა ცივილიზებული სამყარო "გამადიდებელი შუშით აკვირდება" მიიღებს თუ არა შემოდგომაზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პირობები, რომლებიც აქვთ საქართველოს პარტნიორებს.
„არც ერთი წუხილი არ უნდა დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობებს, რომლებმაც უნდა გაუღონ კარი საქართველოს ევროპულ ოჯახში შესასვლელად. წესებს ისინი ადგენენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, ხვალ, 13 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სტრასბურგში მიემგზავრებიან, სადაც გამართავენ ოფიციალურ შეხვედრებს თემაზე „პუტინის პატიმრები“ - ამ შეხვედრების მთავარი თემა, მისი განცხადებით, სწორედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნება.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკვე ერთი კვირაა ყოვნდება საქართველოში პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლემაც მიხეილ სააკაშვილი უნდა მოინახულონ.
„მნიშვნელოვანია, დროულად მოგვარდეს ბიუროკრატიული საკითხები და მათ მიეცეთ საშუალება დროულად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.