ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეებს აღძრავს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მალე აღძრავს ორ სისხლის სამართლის საქმეს ომის დანაშაულების ბრალდებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და ასევე გასცემს დაპატიმრების ორდერებს რამდენიმე პირისთვის, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებში.
სააგენტო „როიტერსი“ და გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.
თუ საქმეები მართლაც აღიძრა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ICC-ი რუსეთის მიერ გაჩაღებული ომიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ წარმოებაში მიიღებს უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს.
„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, რუსეთს ბრალდება წარედგინება ორ მუხლის მიხედვით: უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურება და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში ბავშვების გადაყვანა, რასაც კიევი ძალადობრივად მიიჩნევს და მასში გენოციდის ნიშნებს ხედავს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის უპირებს სასამართლო თითოეულ საქმეზე ბრალის წაყენებას. „ნიუ იორკ ტაიმსს“ ზოგიერთმა წყარომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ ბრალის წაყენების შესაძლებლობის შესახებ აცნობა. მაგრამ გამოცემა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის პერსპექტივა დაბალია. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ვერ განიხილავს საქმეებს დაუსწრებლად, ხოლო რუსეთი არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას და, პრინციპში, არც თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ ექსტრადიციას თანხმდება