მარო მაყაშვილის სტიპენდიას მიიღებს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, „წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო წითელი შარვლით", სალომე კენჭიაშვილი მარო მაყაშვილის სტიპენდიას მიიღებს.
„გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - დაწერა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გიორგი კეკელიძემ.
სალომე კენჭიაშვილი მონაწილეობდა თბილისში გამართულ დემონსტრაციაში. მოქალაქეები აპროტესტებდნენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.