"დამაიმედებელი და პოზიტიური ნიშანია" - ოლივერ ვარჰეი "აგენტების კანონის" გაწვევაზე
"ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში" თქვა ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში.
ვარჰეის გამოსვლამ გახსნა დებატები, რომელიც საქართველოში ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას და მის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ეხება
ევროკომისარმა თქვა, რომ "ათასობით ქართველმა გამოიყენა მშვიდობიანი შეკრების უფლება". ორივე კანონპროექტის საბოლოო გაწვევას მან "დამაიმედებელი და პოზიტიური ნიშანი” უწოდა.
"ქართველი ხალხის სრულმა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი შეურთდეს ევროკავშირს. იგივე გააკეთა ხელისუფლებამ ახლა საქმის დროა… მუშაობა უნდა გაგრძელდეს ევროკომისიის მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე და რეფორმებზე” - თქვა ოლივერ ვარჰეიმ. საქართველოს პროგრესს, მისი თქმით, შემოდგომაზე შეაფასებენ.
ევროკომისარი ყოფილი პრეიზდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც შეეხო. მან გაიმეორა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, "“ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის უზრუნველყოს მისთვის [სააკაშვილისთვის] სამედიცინო მომსახურება".
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა "ქართული ოცნების" სატელიტი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ის უცხოეთიდან 20%-ით მაინც დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა, თუ მედიას "უცხოეთის აგენტად აცხადებდა". ამას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა. ორდღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.