"საერთაშორისო გამჭვირვალობა" რუსეთში მუშაობას წყვეტს "არასასურველი ორგანიზაციის " სტატუსის გამო
რუსეთის ანტიკორუფციული კვლევისა და ინიციატივების ცენტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", რომელიც ამავე სახელწოდების საერთაშორისო ორგანიზაციაში შედის, გადაწყვიტა ლიკვიდაცია გაუკეთოს თავის დანაყოფს, რომელიც რუსეთში 1999 წლიდან მოღვაწეობს. ამის შესახებ ორგანიზაციამ 16 მარტს განაცხადა.
ოფიციალურ განცხადებაში ცენტრი ლიკვიდაციის მიზეზად რუსეთის ხელისუფლებისგან მიღებული "არასასურველი ორგანიზაციის" სტატუსით ხსნის.
"რუსეთში ასეთი ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა რუსეთის „გამჭვირვალობის“ შემდგომ მუშაობას თითქმის შეუძლებელს ხდის", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
ცენტრი ამ სტატუსის მინიჭებას " მოულოდნელად, არაგონივრულად, არამოტივირებულად და შეურაცხმყოფლად“ მიიჩნევს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 6 მარტს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე "არასასურველად" ცნო.
ორგანიზაციის "არასასურველად" აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, მასთან მოთანამშრომლე პირების სისხლის სამართლებრივ დევნის საფრთხესაც შეიცავს.