მეტროსადგური „გოცირიძე“ 18 მარტს გაიხსნება (ფოტოები)
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლების შესახებ იუწყება თბილისის მერია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგური 18 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „გოცირიძე” დიდი ხნის განმავლობაში დახურული იყო.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროს სადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. ხვალიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.