თამარ გაბუნია: პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას – კომერციზაცია სრულიად გამორიცხულია
პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია.
„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალი უფლებები, როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების კუთხით“,- აღნიშნავს გაბუნია.
მისი თქმით, საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი.
„ვფიქრობ, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველა შეკითხვა, თუკი დღეს რაიმე ისმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო როლთან და ბედთან დაკავშირებით, ამოიწურება. კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში სრულიად გამორიცხულია. რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“,- აღნიშნავს გაბუნია.