პარკინგის არქონისთვის ვერ აჯარიმებენ მანქანებს არაქართული ნომრებით, თუ მძღოლი იქ არ არის
თბილისის ქუჩებში არ აჯარიმებენ არაქართული ნომრიანი მანქანის მძღოლებს, თუ მათ არ აქვთ ნაყიდი პარკინგისთვის საშვი და დარღვევის დროს მათ მანქანასთან ვერ ნახავენ. ეს დეტალი აღმოაჩინა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თბილისის პარკინგის თანამშრომელს რუსულნომრიანი მანქანის მძღოლის დაჯარიმებას სთხოვდა.
"უცხო ნომრებზე არ გვაწერინებენ, უცხო ნომერს არ მიეკუთვნება რუსული ნომერი?! არც თურქულზე ვწერთ, არც აზერბაიჯანულზე, არც უკრაინულზე... ვწერდით... 200-ლარიანი ეკუთვნის", - ეუბნება პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს, რომელმაც პარკირების წესის დარღვევა შენიშნა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარკირების სამართალდარღვევისთვის ვერ აჯარიმებენ არაქართული ნომრის მქონე მანქანის იმ მძოლებს, რომლებიც მათ თანამშრომლებს ადგილზე არ დახვდებათ.
"ადმინისტრირებისთვის მზადდება ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში და უახლოეს მომავალში მოხდება უცხო ქვეყნის რეგისტრაციის მქონე ავტომობილების დაჯარიმება მსგავსი შემთხვევების დროსაც", - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.
დამატებით პრესსამსახურში განმარტეს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავთ ყველა მანქანა, რომელიც დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ ნაწილზე.
მსგავსი პრობლემა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც - ვერ აჯარიმებდნენ იმ მძღოლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნით გადააჭარბებდნენ სიჩქარის დადგენილ ნორმას ან გადავიდოდნენ საავტობუსე ზოლებში. პარლამენტმა კანონმდებლობა შეცვალა იმ ნაწილში, რომელიც პოლიციას უფლებამოსილებას უზრდიდა, თუმცა კვლავ უცვლელი დარჩა პარკირების ნაწილში.