მოსამართლე ლევან თევზაძე: ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან თევზაძე მხარდაჭერას უცხადებს მოსამართლეებს, რომლებსაც აშშ-მ სანქციები დააკისრა. როგორც ის აცხადებს, ამაზე მძიმე რეალობის წინაშეც მდგარა სასამართლო კორპუსი.
„ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების „ლინჩის" წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა „ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…" - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე მოსამართლემ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ლევან თევზაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას ცოლისძმა.
ირაკლი შენგელია არის იმ ოთხი პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც აშშ-მ სანქციები დააკისრა.
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.