გრძელდება ბრძოლა ბახმუტისთვის, აშშ იძიებს უკრაინის დახმარების შესახებ დოკუმენტების გაჟონვას
უკრაინა და რუსეთი განაგრძობენ ბრძოლას აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის მიმდებარე არეალებში. უკრაინის არმია აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა "40-ზე მეტი" შეტევა განახორციელა ფრონტის ხაზზე.
ვრცელდება ცნობები შეტაკებებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის გარშემო - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 7 აპრილს და ბრძოლას "შეუპოვარს" უწოდებს.
პარალელურად, აშშ-ის მთავრობა იძიებს გაჟონვას დოკუმენტებისა, რომლებიც მოიცავს აშშ-ის და ნატოს გეგმების დეტალებს უკრაინისთვის მომავალ კვირებში შესაძლო შეტევის განსახორციელებლად დახმარების გაწევის თაობაზე,
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა საბრინა სინჰმა 6 აპრილს, გვიან საღამოს, განაცხადა, რომ ვაშინგტონი იძიებს იმ გაჟონილი დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გამოჩენის ფაქტს, რომლებიც მოიცავს დეტალებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ისევე, როგორც ბატალიონთა სიძლიერეზე და სხვა შინაარსის მნიშვნელოვან ინფორმაციას. დოკუმენტები, რომლებიც სულ მცირე ხუთი კვირისაა და მათგან სულ მცირე ერთს "სრულიად საიდუმლო" კატეგორიის ნიშანი აქვს, გავრცელდა ტვიტერისა და ტელეგრამის პრორუსულ არხებზე.
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, დოკუმენტების ნაწილი, როგორც ჩანს, შეცვლილია იმისთვის, რომ გაიზარდოს უკრაინის მსხვერპლის რიცხვი და შემცირდეს რუსეთის დანაკარგების მონაცემი.