FT: აშშ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ნატოს წევრობის "საგზაო რუკის" შეთავაზებას
აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების მცდელობას, რომ ნატოს მომავალ სამიტზე უკრაინას შესთავაზონ ნატოს წევრობის „საგზაო რუკა“. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს მოლაპარაკების ოთხ მონაწილეზე დაყრდნობით.
ნატოს სამიტი 2023 წლის ივლისში გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.
უკრაინამ ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში წარადგინა.
Financial Times-ის წყაროთა ინფორმაციით, ამ კვირაში, ბრიუსელში მოლაპარაკებისას ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს აქტიური დებატები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას.
დიპლომატებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, გამოცემას უამბეს, რომ ნატოში სრული კონსენსუსია, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ალიანსში უკრაინის მიღების საკითხის განხილვა არასერიოზულია, თუმცა, იზრდება ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის წევრობის „პოლიტიკური გზის“ შეთავაზების მომხრეთა რიცხვი. ამას არ ეთანხმებიან აშშ, გერმანია და უნგრეთი.
Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ომის დროს ნატოს მიერ უკრაინასთან კავშირების გაღრმავება წაადგება პრეზიდენტ პუტინის ნარატივს, რომ რეალურად ომი რუსეთსა და ნატოს შორის მიმდინარეობს და შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია ბირთვული იარაღის ჩართულობით. აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ ამ ეტაპზე კონცენტრირებული იყვნენ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე, რათა რუსეთის აგრესიის საბოლოოდ მოგერიებაში დაეხმარონ.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.