კომუნიკაციების კომისიამ ე.წ. „კარტელური გარიგების“ საფუძველზე ექვსი მაუწყებელი დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომის”, “სილქნეტის”, “ახალი ქსელების” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრების საფუძველზე ექვსი მაუწყებელი სიმბოლური თანხით, 100-100 ლარით, დააჯარიმა.
კომისიამ დაადგინა, რომ „მედია რაითს ჯორჯიამ“, “ტელეიმედმა”, “მთავარმა არხმა”, “ტელეკომპანია პირველმა”, “პოსტივიმ", “ფორმულამ” და “მედია ჰოლდინგმა” “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დაარღვიეს, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას ან შეთანხმებულ ქმედებას, ე.წ. “კარტელურ გარიგებას” გულისხმობს.
კომუნიკაციების კომისიის განცხადების თანახმად, საქმის პრეცედენტულებიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიამ “კონკურენციის შესახებ” კანონით პირველად განიხილა საქმე, ჯარიმის ოდენობა სიმბოლური თანხით განისაზღვრა.
„მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ კონკურენტი მაუწყებლები გაერთიანდნენ და შუამავალი კომპანიის, “მედია რაითს ჯორჯიას” მეშვეობით, ტრანზიტორ კომპანიებს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის ერთობლივად დადგენილ საფასურს სთხოვდნენ. მათივე განმარტებით, მაუწყებლების მიერ ტრანზიტის საფასურის ერთობლივი დადგენა ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონს. შესაბამისად, “მაგთიკომი”, “სილქნეტი”, “ახალი ქსელები” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათ მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ“.
როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ 18-თვიანი მოკვლევის საფუძველზე შეაფასა მაუწყებლების და შუამავალი კომპანიის ხელშეკრულება, რომლითაც მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის მომსახურების ერთიანი ფასი დადგინდა.
კომისიის განმარტებით, კონკურენტულ მაუწყებლებს შორის ფასზე შეთანხმება (ფასის ფიქსირება) ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. დაჯარიმებასთან ერთად, კომისიამ მხარეებს კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების 1 თვის ვადაში გაუქმების ვალდებულება დააკისრა.