თამარ ჩუგოშვილი: რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კონფლიქტში შევიდოდა მთელ დასავლეთთან
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას იხილავდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პრობლემები იყო, ცოტა ხნის წინ მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კონფლიქტში შევიდოდა მთელ დასავლეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ხარისხის დაპირისპირება, ეს იქნება სიტყვიერი, მესიჯებით, საუბრით თუ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღება, ნამდვილად არ წარმომედგინა, ძალიან ცუდი სანახავია და სამწუხაროდ, კიდევ უფრო უარესი და უარესი სანახავი გახდება იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორ მიდიან და რა ტემპით. არასდროს ასეთი მწვავე არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან – პირიქით. ბოლო სამი ათწლეულია, პირველად ვართ ასეთ სიტუაციაში და შესაბამისად, ამას თავისი ფასი ექნება, რა თქმა უნდა.“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა TV პირველის ეთერში.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, თუ „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიებას დაიწყებდა.
„ცივილიზებული და სწორი გზა, რაც შეუნარჩუნებდა „ქართულ ოცნებას“ და გაუხანგრძლივებდა პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ ისინი იტყვიან, მოდით, იუსტიციის საბჭოში დავნიშნოთ კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები, გამოვიძიოთ, რა კორუფციის ფაქტებზეა საუბარი, მაგრამ მე ამ რესურსს ვეღარ ვხედავ“, – ამბობს ჩუგოშვილი.