არ ვაპირებთ მიღებას! - გრიბოედოვის თეატრი რუსულ სუბსიდიაზე
"არ ვაპირებთ მიღებას!" - ასე უპასუხა გრიბოედოვის თეატმა რადიო თავისუფლების კითხვას, რა პოზიცია ექნებათ მათ რუსულ ფინანსურ დახმარებაზე. თეატრის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არანაირი კომუნიკაცია ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რუსულ მხარეს მათთან არ ჰქონიათ და გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებაც მედიიდან გაიგეს.
რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „Tass”-ზე 7 აპრილს გამოქვეყნდა ცნობა ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილია ათ ქვეყანაში რუსული თეატრებისთვის. ამ სიაში თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი ერთ-ერთი იყო.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობოდა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის, ალა მალინოვას გამოსვლას კონფერენციაზე "რუსული თეატრი საზღვარგარეთ, როგორც რუსული კულტურის ინსტიტუტი". კონფერენცია 7-8 აპრილს სანქტ-პეტერბურგში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებიც.
მანილოვას თქმით, რუსეთს გარეთ მდებარე რუსული დრამატული თეატრების დაფინანსება განკუთვნილია უახლესი თეატრალური სასცენო დანადგარების შესყიდვისა და საპრემიერო დადგმების ხელშეწყობისთვის. „5 მილიონი რუბლი (დაახლ. 60 ათასი აშშ დოლარი) გამოიყოფა სასცენო დანადგარებისთვის, 5 მილიონი საპრემიერო დადგმების ხელშესაწყობად”, – განაცხადა მან.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ასევე რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. რუსეთის საზღვრებს გარეთ, 43 ქვეყანაში სულ 176 თეატრი ფუნქციონირებს.