მსოფლიო ბანკი 200 მლნ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად
მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
სახსრები გამოიყოფა ფონდიდან, URTF-იდან, რომელიც მსოფლიო ბანკმა შექმნა უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, სახელმწიფო მომსახურების უზრუნველსაყოფად და უკრაინისთვის დახმარების განსახორციელებლად.
მსოფლიო ბანკის გარდა ფონდში წვლილი შეაქვთ ავსტრიის, კანადის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ელექტრომომარაგების ქსელების რემონტი, მათ შორის ახალი ტრანსფორმატორებისა და სხვა ტექნიკის შეძენა, ასევე მობილური ბოილერების სადგურების გამართვა.
შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის 50%-ზე მეტი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით უკრაინელს შეექმნა ენერგომომარაგების, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემები.
უკრაინელი ინჟინრების ძალისხმევით ელექტროსადგურების უდიდესი ნაწილი კვლავ მიერთებულია ქსელს და მსხვილ ქალაქებში პრაქტიკულად შეწყდა ელექტრომომარაგების პრობლემები, მაგრამ პრობლემები კვლავაც რჩება რაიონებში.