რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ყაზანის სკოლაზე თავდამსხმელს
ყაზანში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2021 წლის მაისში სკოლას დაესხა თავს და იმსხვერპლა ცხრა ადამიანი, მათ შორის - შვიდი მოსწავლე. ამ შემთხვევის შემდეგ თათრეთის რესპუბლიკაში გამკაცრდა იარაღის ტარების კანონები.
სასამართლომ ყაზანის 175-ე სკოლაზე თავდასხმისთვის ილნაზ გალიავიევს 13 აპრილს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. გალიავიევმა, რომელიც იმ დროს 19 წლის იყო, სკოლაში ჯერ აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი შენობიდან გამომავალ მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა.
გალიავიევმა თავი დამნაშავედ აღიარა ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობაში მეთოდებით, რომლებიც სახიფათოა საზოგადოებისთვის. თავდასხმის მოტივს არ აცხადებენ. ფსიქიატრიული გამოკვლევის შემდეგ გალიავიევი ფსიქიკურად დაავადებულად გამოცხადდა, თუმცა მანამდე მას მსგავსი დიაგნოზი არ ჰქონია დასმული.