ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბთა დასახლებებში, არჩევნებმა დაბალი აქტივობით ჩაიარა
23 აპრილს სერბთა მხრიდან მასობრივი ბოიკოტის ფონზე, ადგილობრივი არჩევნები გაიმართა ჩრდილოეთ კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ოთხ ოლქში, სადაც ეთნიკურად სერბი მერები თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში გადადგნენ, მანქანების ნომრების რეგისტრაციის შესახებ შექმნილი კონფლიქტის გამო.
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის პარტიამ "ვეტევენდოსიე", ანუ "თვითგამორკვევა", გამარჯვება მოიპოვა ჩრდილოეთ მიტროვიცასა და ლეპოსავიჩში, ხოლო ოპოზიციურმა "კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა ზვეჩანსა და ზუბინ-პოტოკში.
როგორც ელოდნენ, ამომრჩევლის აქტივობა უაღრესად დაბალი იყო, რადგან არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ეთნიკური სერბების მთავარმა პარტიამ, "სრპსკა ლისტამ", რომელსაც მეზობელი სერბეთის მთავრობა უჭერს მხარს. საარჩევნო კომისიის თქმით, უბნებზე მივიდა მხოლოდ 1567 ადამიანი, ანუ ამომრჩევლის 3.47 პროცენტი. არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 45 000-მდე ამომრჩეველი. მერის პოზიციისთვის მებრძოლ 10 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი იყო ეთნიკურად სერბი.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ახლახან ბელგრადი დაადანაშაულა სერბ მოსახელეობაზე ზეწოლაში, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 22 აპრილს თქვა, რომ კოსოვოს ხელისუფლება რეალურად ჩრდილოეთის "ოკუპაციას" მიმართავს არჩევნების შემდეგ.
საერთაშორისო თანამეგობრობა წუხს სერბთა ბოიკოტის გამო და ყველა მხარეს თავდაჭერისკენ მოუწოდებს.
კოსოვო ბლოკირებული რჩება ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მისი აღიარების მიმართ სერბეთისა და რუსეთის წინააღმდეგობის გამო, თუმცა ბოლო პერიოდში პროგრესის ნიშნები გამოიკვეთა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე.