რუსეთის მთავრობამ შეაჩერა ნავთობისა და გაზის მოპოვების სტატისტიკის გასაჯაროება
სტატისტიკის პუბლიკაცია 2024 წლის აპრილამდე იქნება შეწყვეტილი. ყოველთვიური მონაცემების გასაჯაროება უკვე მარტიდანაა აკრძალული, კვარტალური მონაცემებისა - 2023 წლის პირველი კვარტლიდან.
მთავრობის განკარგულება 26 აპრილითაა დათარიღებული. როგორც Forbes-ი შენიშნავს, ამ დღეს „როსსტატმა“ გამოაქვეყნა 2023 წლის პირველი კვარტლის სამრეწველო ნაწარმის შესახებ ანგარიში, მაგრამ მასში არ იყო რუსეთში ნავთობის მოპოვების შესახებ მონაცემები გაზის კონდენსატის გათვალისწინებით და მის გარეშე. უწყებას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია ამ მონაცემებზე.
მიმდინარე წელს, თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, შეაჩეროს ნებისმიერი ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება.

