რუსეთში პენსიონერი 1 მლნ რუბლით დააჯარიმეს უკრაინელების მონაყოლის გამოქვეყნებისთვის
რუსეთის ტომსკის საოლქო სასამართლომ პენსიონერი მარინა ნოვიკოვა 1 მლნ რუბლით (31 ათას ლარზე მეტი) დააჯარიმა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების გამო. ინფორმაციას „ТВ2“ ნოვიკოვას ქმარზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე რუსეთის პროკურატურამ ნოვიკოვასთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 65 წლის პენსიონერმა სასამართლოს რეალური სასჯელის მოთხოვნით მიმართა, ვინაიდან ის ჯარიმის მინიმალური ოდენობის (700 ათასი რუბლის) გადახდასაც ვერ შეძლებს.
მარინა ნოვიკოვა რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ შესახებ სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებული ერთ-ერთი პირველი ადამიანია. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის მარტის დასაწყისში ქალმა თავისი ტელეგრამის არხზე პოსტი განათავსა წარწერით „სიმართლე ქალაქ სევერსკზე“, მაშინ პენსიონერს 170 გამომწერი ჰყავდა. პოსტი შეიცავდა ნოვიკოვას უკრაინელი მეგობრების მონათხრობებს, მათ შორის ქალაქ ენერგოდარში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სასამართლომ ისინი „ფეიკებად“ მიიჩნია. „ფეიკებს“ რუსეთის ხელისუფლება უწოდებს უკრაინაში ომის შესახებ ისეთ ცნობებს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია არ ახლავს. აპრილის შემდეგ ნოვიკოვა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
„რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ჩემთვის მოესმინათ და სწორი არჩევანი გაეკეთებინათ, დამდგარიყვნენ სიკეთისა და სინათლის მხარეს“, - თქვა ნოვიკოვამ განაჩენის გამოცხადებამდე.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ანტისაომარი გამოსვლებისა და განცხადებებისთვის დევნა დაიწყო. ОВД-Инфо-ს მონაცემებით, ანტისაომარი პოზიციის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ მცირე 528 ადამიანი, მათგან 154-ს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელება.